მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი. მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ ეროვნული კუთვნილებისა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დავალება და მოწოდება გავრცელდა ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს თანაბრად ყველა ის შესაძლებლობა და მომსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკის მიმართულებით“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ასევე პასუხისმგებლობების ნაწილში. საქართველოს ნებისმიერ რაიონში თუ დასახლებაში, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა საკარანტინო ზომებია აუცილებელი და საჭირო – ზოგან უფრო მკაცრი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის მხრიდან; ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო ვითარებაში კონკრეტულ რაიონებსა თუ დასახლებებში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა და პატივისცემა იმ ადამიანებისა და იმ ინსტიტუტების, რომლებიც აღასრულებენ ამ წესებსა და რეკომენდაციებს და ჩვენი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ფაქტობრივად, პირველ ხაზზე დგანან – როგორიც არიან ექიმები, პოლიციელები, სხვა სამართალდამცველები, ჩვენი სამხედროები და ა.შ. ამიტომ მინდა ყველას ვთხოვო, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და რომელსაც სახელმწიფო უკვე თვეების განმავლობაში ახორციელებს.