„თანასწორობის მოძრაობა“ წულუკიანის დღევანდელ განცხადებას ჰომოფობიურს უწოდებს

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2021 წლის 30 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ჰომოფობიურს უწოდებს.

„ხელოვანების დაფინანსებაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანმა მაგალითად მოიყვანა ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა: თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ მე ვარ ასევე, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი“.

ერთი და იმავე სქესის ადამიანების რომანტიკული ურთიერთობების, გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე ცხოვრების, საზოგადოებრივი წნეხისა თუ დისკრიმინაციული გარემოს აღწერის „პროპაგანდად“ წარმოჩენა, პოლიტიკური ჰომოფობიისა და სიძულვილის გავრცელებული პრაქტიკაა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეა წულუკიანი ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილის და დისკრიმინაციულ ენას იყენებს. ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს 2018 წელს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თეა წულუკიანის როგორც იუსტიციის მინისტრის, პასუხი, როდესაც მან „საქმიანობის კრიტიკას ტრანსფობიური კომენტარით უპასუხა – „…არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად“.

„თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ ლგბტქი ადამიანები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო თემის საჭიროებებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული ეფექტიანი პოლიტიბის გატარება, რის გამოც ლგბტქი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ძალადობას, დისკრიმინაციასა და უთანასწორო მოპყრობას. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჰომოფობიური დატვირთვის მქონე განცხადებების გაკეთება, კიდევ უფრო ამძიმებს ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს.

„ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფილმის პროექტებს აფინანსებს ეროვნული კინოცენტრი შემუშავებული კრიტერიუმებისა და ჟიურის საშუალებით. მინისტრის  მსგავსი განცხადებები ზიანს აყენებს ამ პროცესს და აფერხებს საქართველოში შემოქმედებითი თავისუფლების განვითარებას. შემოქმედებითი თავისუფლება კი არის სოციალური, მათ შორის,  ლგბტქი საკითხების, კონემატოგრაფში მრავალფეროვნად წარმოჩენის წინაპირობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, თეა წულუკიანმა და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სხვა პირებმა, გაიაზრონ თავიანთი პოლიტიკური სტატუსი და საჯარო გამოსვლებისას/პოზიციონირებისას თავი შეიკავონ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის გამოყენებისგან.