„თანასწორობის მოძრაობამ“ ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა ბრძანებაზე, რომელიც შეეხება მსმ ადამიანებისთვის ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შეზღუდვას.
ორგანიზაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის ძალადაკარგულაც ცნობა გადაავადა 2020 წლის 21 მარტამდე. სწორედ ამ ვადაში სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ახალი რეგულაციის შემუშავება, რომელიც მსმ ადამიანებს დონაციის უფლებას შეუზღუდავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც ობიექტურად აუცილებელია დონაციის უსაფრთხოებისთვის.
მათი თქმით, სამინისტროს ბრძანება დონაციის ყველაზე ხანგრძლივ-10 წლიან შეზღუდვას მხოლოდ მსმ ადამიანებისთვის ადგენს. ყველა სხვა შემთხვევაში დონაციის გადავადება ხდება ე.წ „ფანჯრის პერიოდით“- 12 თვით. ამგვარი რეგულირების მიზანს წარმოადგენს პოტენციური რეციპიენტების დაცვა სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსისგან.
„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსმ პოპულაცია, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, „ფანჯრის პერიოდის“ ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსიტუციურია.
„თანასწორობის მოძრაობას“ მიაჩნია, ახალ რედაქციაში მსმ ადამიანებისთვის დონაციის შეზღუდვის მაქსიმალურ ვადად უნდა განისაზღვროს 12 თვე, რომელიც წარმოადგენს „ფანჯრის პერიოდს“ და თვითკმარია ე.წ „ცრუ უარყოფითი შედეგის“ გამოსარიცხად. 12 თვეზე უფრო მეტი ვადით დონაციის უფლების შეზღუდვა გაიმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარს, რაც კიდევ ერთხელ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახალი ნორმის არაკონსტიტუციურაც ცნობისთვის მიმართვის საფუძველი.