„ტანგოსთვის ორია საჭირო“ - კარასინი საქართველოსთან ფრენის აღდგენაზე

პუბლიკა

რუსეთი მზად არის განაახლოს საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, მაგრამ ამას ქართული მხარის თანხმობა სჭირდება – განუცხადა RBC.RU-ს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა.

„ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, ვცვლით აზრებს. მაგრამ არის გამონათქვამი, რომ ტანგოს ორი სჭირდება. და თუ დუეტის ერთ-ერთ წევრს ეჭვი ეპარება, მაშინ არ არის საჭირო ძალდატანება. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა კარასინმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართლ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირ ავიამიმოსვლას შეძლებენ. ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა „სიმამაცისთვის“, რადგან საქართველო, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, არ უერთდება სანქციებს.

მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.