„თანმხლები დაავადება რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად მართული“ | Covid-19-ით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

პუბლიკა

თბილისში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის Covid-სასტუმროდან  „გერმანულ ჰოსპიტალში“ კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორი, ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ ამ დრომდე შეკრებილი ანამნეზით შეიძლება ითქვას, რომ მისი თანმხლები დაავადება „არ იყო გონივრულად ნამართი“.

„დაიწყო გაიდლაინით გათვალისწინებული პირველადი დახმარება. დესატურირდებოდა.  მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. სიპაპ ვარჯიშების მიუხედავად, საკმარის შედეგს ვერ მივაღწიეთ და გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ამას გიდასტურებთ. თანმხლები დაავადება იყო, გიდასტურებთ. რა თანმხლები დაავადება იყო, ამაზე ინფორმაციას ვერ გავცემ. მანამდე, სავარაუდოდ, ანამნეზიდან შემიძლია გითხრათ, რომ თანმხლები დაავადება რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად ნამართი – თვითონ პაციენტის თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ, თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ მძიმე“, – განაცხადა ექიმმა.

„მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრისას გარდაცვლილი გოგოს დედა, ირმა ხელაშვილი ამბობს, რომ მის შვილს სათანადოდ ვერ დაეხმარნენ. მისივე თქმით, გოგონას დიაბეტი ჰქონდა.

ირმა ხელაშვილის თქმით, კორონავირუსის დადასტურების შემდეგომ გოგონა Covid-სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.

„შაქარი აეწია. იქ წყლის მიმწოდებელი არ ჰყავდა. ექიმს ტელეფონით ეკონტაქტებოდა. საერთოდ არ შეუხედავთ მისთვის; სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ბავშვს და ვრეკავდი სასწრაფოში, ჯანდაცვაში მამისამართებდა…

ამ ვითარებას რომ შეესწრო, იქ სასტუმროში მკურნალობდა „გერმანული ჰოსპიტლის“ თანამშრომელი ყოფილა. იმან დარეკა კლინიკაში და მისი ხვეწნა-მუდარის მერე მოახდინეს ჰოსპიტალიზება, როცა უკვე დაგვიანებული იყო“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.