ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და 9 წლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 26 და 28 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”, – ნათქვამია განცხადებაში.