ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. გუშინ დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის – 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს.

ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ნ.ა.-ს და ა.ა. -ს კვალს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში, დაკავებულების გარდა, მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.