საყოველთაო ფაქტობრივი კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, ასევე 21:00 საათიდან აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.
მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობს რიგი დაწესებულებები, მათ შორის სურსათის მაღაზიები.
„პუბლიკას“ დაუკავშირდა „ნიკორას“ სუპერმაკეტების ქსელის კონსულტანტი, მარიტა (სახელი შეცვლილია), რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
მარიტას თქმით, თავის ფილიალში დამსაქმებელი ტრანსპორტირებით არცერთ თანამშრომელს არ ემსახურება. თანამშრომლები თავიანთი სახსრებით იხდიან ტაქსის საფასურს. მისი თქმით, „ნიკორაში“ მოლარეებისა და კონსულტანტების ხელფასი 500 ლარია, მენეჯერების კი 750-დან 1500-მდე (დამოკიდებულია მარკეტის მუშაობაზე).
„დღეში 10 ლარი მჭირდება ტაქსისთვის, 5-5 ორივე გზაზე. ამასაც გააჩნია – მაგალითად, კარანტინის პირველ დღეს ტაქსიმ მარტო ერთ გზაზე 9 ლარი გამომართვა. მითხრეს, ან ტაქსით იარე, ან არადა ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და მუშაობის მსურველი ბევრია, შესაბამისად, შენი შემცვლელის პოვნა არ გაგვიჭორდებაო. იძულებული გავხდი დავთანხმებოდი. ახლა უმუშევრად დარჩენას არავის ვუსურვებ, მით უფრო, რომ 2 შვილი მყავს სარჩენი“, – ამბობს მარიტა.
მისვე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, თვეში სულ მცირე 300 ლარის ტაქსიში გადახდა მოუწევს.
„ჩემი თანამშრომლებიდან ორი ცხოვრობდა შორს, ტრანსპორტი სჭირდებოდა. ისინი გადაიყვანეს ახლომდებარე მარკეტში. მაგრამ ისეთი მეგობრებიც მყავს, რომლებიც ჯერჯერობით სახლში სხედან, იმის გამო, რომ შორს ვერ დადიან, ტრანსპორტსაც არ უნიშნავენ და ამასთან ერთად, მათ ახლომდებარე მარკეტებშიც ადგილები არ არის, შესაბამისად, დარჩნენ უმუშევარი“, – ამბობს მარიტა.
მისი თქმით, ბევრ თანამშრომელს გაცილებით შორ მანძილზე უწევს გადაადგილება, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
„ნიკორაში“ აცხადებენ, რომ სუპერმარკეტების ყველა თანამშრომლის ტრანსპორტირება გარკვეული დროის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება, ნაწილი კი უკვე უზრუნველყოფილია. თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ, როდის მოემსახურება ტრანსპორტი ყველა თანამშრომელს. კომპანიაში ვერც იმ თანამშრომელთა რიცხვს აკონკრეტებენ, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ. მათივე თქმით, „ნიკორას“ საწარმოს თანამშრომელთა ტრანსპორტირება კი უკვე სრულად არის უზრუნველყოფილი.
„თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, კომპანია მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტული, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა.
„ყველა ზემოთ ხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურება (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით. მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად გაივლის დეზინფექციას“, – ნათქვამია განცხადებაში.