ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატობას განიხილავს

პუბლიკა

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა, აჭარის  ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყოს. როგორც ნაკაიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, ამ საკითხზე პარტიასთან აქვს მოლაპარაკებები და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.  მისივე თქმით, მას სხვა შეთავაზებებიც აქვს.

„[ევროპულ საქართელოსთან]არის საუბრები, მოლაპარაკებები. გვაქვს გარკვეული საერთო ხედვა, თუმცა არა მარტო აქ, არამედ, სხვა შემოთავაზებებიც არის. ძალიან მოკლე დროში მივიღებ გადაწყვეტილებას. მე მარტო არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, არამედ გუნდთან ერთად, რომელიც ჩემთან ერთად უნდა იყოს ამ ბრძოლაში, რადგან ჩვენ უნდა შევუერთდეთ იმ გუნდს, რომლებიც ჩვენი თანამოაზრეები იქნებიან“, – განუცხადა ტარიელ ნაკაიძემ „პუბლიკას“.

დღეს, 30 ივნისს,  „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ბათუმში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა, აჭარაში ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყოს. მისი თქმით, მათი ხედვა და პოზიციები რიგ საკითხებში ემთხვევა. 

„მე მხოლოდ გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. უბრალოდ, მინდა, თუ ეს თანამშრომლობა შედგება, ამის შესახებ, პირველ რიგში, მან ისაუბროს.  დიახ, ჩვენ გვქონდა საუბარი და ჩვენი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში ემთხვევა, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლების საკითხებში. სადაც ის აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა უგულავამ.