ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული - თბილისის ვიცე-მერი

პუბლიკა

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ახალი სატარიფო სისტემა მუნიციპალურ ტრანსპორტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მოხმარების წახალისებას ისახავს მიზნად.

ხმალაძის თქმით, სააბონენტო სისტემით მგზავრებს, რომლებიც ხშირად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადასახადი შეუმცირდებათ. ხოლო გრძელვადიანი აბონემენტის ყიდვა მოქალაქეებს უბიძგებთ, რომ წინსწრებით შესყიდული პაკეტის გამო, მანქანის ნაცვლად მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლონ. ხმალაძის კომენტარის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გადახდის ახალ სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა. აქამდე თუ იყო მეტრო და ავტობუსი, ახლა არის მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები. ერთი წლიდან დაწყებული, 90 წუთით დასრულებული სხვადასხვა ფასის და ვადიანი პაკეტები.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურად აპირებს აბონემენტის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი. თუ აქტიურია მომხმარებელი, მგზავრობის ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის.

ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. თქვენ შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება მანქანით მგზავრობის სურვილი, რადგან წინსწრებით გადახდილი გაქვთ და თქვენ უკვე დამატებით აღარ იხდით. ყოველი შემდეგი მგზავრობა თქვენთვის არის ულიმიტო და უფასო“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ახალი სატარიფო პაკეტები არსებულის მსგავსად საბანკო ბარათებსაც მიებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში ერთხელ გამოყენების შემდეგ ბარათი 15 წუთით გატარების ადგილას არააქტიური გახდება და სხვები მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.

ხმალაძის თქმით, ახალი აბონემენტების ყიდვა მოსახლეობას 5 იანვრიდან შეეძლება, თუმცა ჯერჯერობით დარჩება მოქმედი მეტრომანებიც. ამასთან, ხმალაძის თქმით, მომხმარებელთა 33%-ს შეღავათების მოსარგებლე პირები შეადგნენ, რომლებსაც ტარიფი არ გაუძვირდებათ.

ასევე, ვიცე-მერის თქმით, თუ ტრანსპორტის გაჩერების საჭიროება დადგება, მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს გაცდენილ პერიოდს სრულად აუნაზღაურებს.

„თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება მოხდება დაუგეგმავი გარემოებების გამო, მაგალითად, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ოპოზიციას უნდა, რომ გაამწვავოს და ნეგატიურად მიაწოდოს საზოგადოებას ეს რეფორმა. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი გაცდენილი პერიოდები დაემატება ბარათს და ეს ადამიანები არ დაკარგავენ ამ პერიოდს“, – განაცხადა ხმალაძემ.