ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიწოდებული სერვისების რეგულირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები სამედიცინო მომსახურების ფასის რეგულირებას ემხრობიან, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სექტორის აბსულუტურ უმრავლესობას კერძო სერვისის მიმწოდებლები ქმნიან.
კოალიციის განცხადების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალედ უნდა წარმართულიყო, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით და გამოთვლებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის გამჭვირვალობით.
„როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგულირების შემოთავაზებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს – უხარისხო და არასაჭირო მომსახურების მიწოდებას და შესაბამისად ბუნდოვანია სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო კომპლექსური ნაბიჯების თანმიმდევრობა. სამედიცინო ხარჯების რეგულირება წარმოადგენს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ კომპონენტს და ვერ იქნება ეფექტიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული მიდგომის გარეშე.“ – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციას მიაჩნია, რომ პროცესების მართვის ეფექტიანობისა და მოსახლეობისთვის მაქსიმალური სიკეთის მიღების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სერვისის მიმწოდებლებთან ერთად პროცესში საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების – პაციენტებისა და მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.
„ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია მზაობას გამოხატავს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში და შეიტანოს წვლილი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებაში.“
ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია არის, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, განსხვავებული ფოკუსისა და გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უნივერსიტეტების, ექსპერტებისა და აქტივისტების არაფორმალური გაერთიანება. კოალიციის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის განვითარების გზით.