დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქალთა უფლებადამცველის თათია სამხარაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელის შალვა რამიშვილისა და ამავე არხის ჟურნალისტის ნათია ბერიძის წინააღმდეგ.
თათია სამხარაძე იურისტებთან ერთად მოითხოვს გამოძიების დაწყებას შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, რაც ადევნებას გულისხმობს.
„ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას POSTV-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და ჟურნალისტ, ნათია ბერიძის მიმართ თათია სამხარაძეზე უკანასკნელ დღეებში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.
ჩვენი შეფასებით, ეს ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამის მიზანი იყო, რომ თათიას მისდგომოდა მძიმე ფიზიკური ტანჯვა და ეიძულებინათ, რომ მას შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი“, – თქვა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებთან.
იურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა. თათია სამხარაძემ მედიასთან საუბრისას პირველ რიგში მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომელიც დღეს დილით პარლამენტში გამოდიოდა და როგორც დავინახეთ ქალი პრეზიდენტი იმყოფებოდა უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მათ შორის იმ გამოსარჩლების გამოც, რომელიც მან გამოხატა თავისი ბრიფინგით, როდესაც მე მას დახმარება ვთხოვე.
…მოტივი იყო ცალსახად შურისძიება იმ ქალზე, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო. იმედი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს საქმეს ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე და საქმე იქნება გამოძიებული სამართლიანად და არ იქნება ტენდენციური გამოძიება“, – თქვა თათია სამახარაძემ.
პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის ერთ-ერთი მფლობელი და წამყვანი სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილია, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა და საქართველოს პრეზიდენტსაც.
საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ამ კამპანიას, რომელიც ქალი აქტივისტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მან თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, არამედ აგულიანებს მას.
თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.