თავდაცვის ძალები მარნეულსა და ბოლნისთან ხუთ შესასვლელს აკონტროლებენ

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს, შემავალ და გამავალ ავტოტრანსპორტს კი სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

„დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიისა და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო.