თავდაცვის კოდექსი | ვინ შეძლებს გაწვევისგან გათავისუფლებას ან მის გადავადებას?

პუბლიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თავდაცვის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტს. კანონის მიღებას პარლამენტის სამი მოსმენით მხარდაჭერა სჭირდება. დამტკიცების შემთხვევაში ახალი კოდექსით მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ვერც ერთი კონფესია შეძლებს თავიანთი მღველდმსახურებისთვის გაწვევის გადავადებას. კანონპროექტის ავტორებმა შესაბამისი ჩანაწერი ამოიღეს და ამით „ბიბლიურ თავიუსფლებას“ აღარ ექნება უფლება, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამსახურისგან თავის დახსნაში დაეხმაროს.

ვინ შეძლებს სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას ან მის გადავადებას? ახალი კოდექსი მეტწილად იმეორებს არსებულ რეგულაციებს.

კანონპროექტის მიხედვით, 70-ე მუხლის მიხედვით სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლდებიან:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო საქმისთვის შეუსაბამოდ ცნობილი მოქალაქეები;
  • ისინი, ვინც სამხედრო ან ალტერნატიული სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
  • სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეები;
  • ისინი, ვინც ალტერნატიული შრომითი სამსახური გაირა;
  • ახალგაზრდა, თუ ის ოჯახში ერთადერთი ვაჟია და მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურისას;
  • პარლამენტის დეპუტატები.

ასევე ახალგაზრდის გაწვევისგან გათავისუფლების უფლებამოსილება ექნება პრემიერ-მინისტრს, თუკი კანონმდებლობით განსაზღვრული კომისია მას წარუდგენს რეკომენდაციას განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელის შესახებ.

რაც შეეხება გადავადებას, ამ შემთხვევაში იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია გაწვევის გადავადებით ისარგებლოს, შედარებით ფართოა.

კანონპროექტის 71-ე მუხლის მიხედვით, სამხედრო სამსახურის გადავადებით შეუძლია ისარგებლოს ახალგაზრდას, თუკი:

  • გადაიხდის მოსაკრებელს, რომელიც ახალი კოდექსით 10 000 ლარი იქნება. მოსაკრებლის გადახდა ახალგაზრდას მხოლოდ ერთხელ, 25 წლის ასაკამდე შეეძლება;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით, ერთ წლამდე ვადით არის შეუსაბამოდ ცნობილი ან შეზღუდულად შესაბამისია (3 წლამდე ვადით) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის;
  • გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე;
  • თუკი მოქალაქე არის საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრი;
  • მუშაობს თავდაცვის სამინისტროში ან სამინისტროს რომელიმე მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. ასევე თუ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დაზვერვაში ან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
  • ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე – პროგრამის გავლის პერიოდში;
  • იმყოფება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე;
  • განაჩენის გამოტანამდე პერიოდში, თუკი ამ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • თუ პირი ნასამართლევია სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, ამ სასჯელის მოხდამდე ან თუ პირის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი, მის დასრულებამდე.

ასევე გადავადების საფუძველი იქნება განათლება და საგანმანათლებლო საქმიანობა შემდეგი კრიტერიუმებით:

  • არის მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;
  • სკოლის დასრულების წელს დარეგისტრირდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მას გაწვევა გადაუვადდება ჩარიცხვამდე პერიოდში, ხოლო თუ ჩაირიცხება გადაუვადდება პროფესიული განათლების მიღების პროცესში. ოღონდ კანონპროექტის მიხედვით, პროფესიული პროგრამის სტუდენტი გაწვევის გადავადებით სარგებლობას მხოლოდ ერთხელ შეძლებს;
  • ახალგაზრდა დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკოლის დასრულების წელს, მას შედეგების გამოცხადებამდე ჯარში არ გაიწვევენ;
  • ხოლო, თუ ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, მაშინ მას გაწვევა ბაკალავრიატის დასრულებამდე გადაუვადდება;
  • გაწვევისგან გადასავადებლად, მოქალაქე ბაკალავრიატის დასრულების წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე უნდა დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაშიც მას უნივერსიტეტებში შედეგების გამოცხადებამდე არ წაიყვანენ;
  • თუკი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება, მის დასრულებამდეც სტუდენტი გაწვევის გადავადებას შეძლებს;
  • მაგისტრატურის დასრულების შემდეგაც ახალგაზრდამ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება უნდა გადაწყვიტოს და ამის შესახებ აცნობოს გამწვევ კომისიას. ამ შემთხვევაშიც, თუკი ის წარმატებით შეძლებს დოქტორანტურაში ჩაბარებას, სამხედრო სავალდებულო სამსახური მის დასრულებამდე გადაუვადდება;
  • დოქტორანტურის დასრულებისას, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდება, თუკი მიენიჭება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
  • სამედიცინო განათლების სტუდენტი გადავადებას შეძლებს, თუკი დარეგისტრირდება რეზიდენტურის კონკურსში, მის დასრულებამდე;
  • ხოლო შემდეგ გახდება რეზიდენტი ან/და იმყოფება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე და გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე;
  • თუკი არის სტუდენტი და ისარგებლებს მობილობით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა;
  • მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად.

გადავადების საფუძველია გარკვეული ოჯახური მდგომარეობაც:

  • თუკი ახალგაზრდას ჰყავს 3 წლამდე შვილი;
  • ან ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
  • არის მარტოხელა მამა, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან მეუღლეს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;
  • მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;
  • არის დედისერთა;
  • თუკი წვევამდელს ჰყავს შშმ ოჯახის წევრი (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია) და ამ ოჯახის წევრს არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. ხოლო თუ ორი წვევამდელი ცხოვრობს ასეთ ოჯახში, მაშინ გაიწვევენ ასაკით უფროსს, თუკი უმცროსი არ გამოხატავს სურვილს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის შეუსაბამოდ ან შეზღუდულად შესაბამისად ცნობას, ამას მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელის შემოწმების შემდეგ გადაწყვეტს.

თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, ასევე სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესს, სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას
იხელმძღვანელებს მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხით. „პუბლიკა“ ცდილობს მოიპოვოს იმ დაავადებების ნუსხა, რომლითაც სამედიცინო საექსპერტო კომისია იხელმძღვანელებს.