თავდაცვის მინისტრი: როგორ შეიძლება ვემხრობოდეთ ამ რიტორიკას?

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპიტატების რიტორიკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობები.

„ჩვენს ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. მეტიც, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს უფრო განმტკიცდა. როგორ შეიძლება ვემხრობოდეთ ამ რიტორიკას?“, – ამბობს მინისტრი.

მინისტრის განცხადებით, ყველა ქვეყანაში შესაძლოა არსებობდეს პირთა წრე, რომლებიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქცევა.

„ყველა ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენ ქვეყანაშიც არის საზოგადოების ნაწილი თუ პირთა წრე, რომელზეც ჩვენ ვთვლიდეთ, რომ ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ამ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, თუ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს. მათ წერილებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება, საუბარია კონსპირაციებზე ამერიკის ფინანსური დახმარების შესახებ. ასევე, აქტიურად ავრცელებენ ნარატივს, რომ დასავლეთს „საქართველოს ომში ჩართვა სურს“. ოთხეულის განცხადებებს არ ემიჯნება მმართველი პარტია. „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატების კითხვები ლეგიტიმურია, მმართველი პარტია მხოლოდ ამ კითხვების დასმის ფორმას არ იზიარებს.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანია, საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრან და „ოცნებიდან“ წამოსვლის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მოგვიანებით დეპუტატებს – დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს, გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.