თავდაცვის სამინისტრო: სააკაშვილის ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო აღარ იქნება

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ განვრცელებულ განაცხადებაში. სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესი უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას წინ უსწრებდა „ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადება. მან ერთ-ერთ მედიასაშუალებაში თქვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, ფორმდებოდა საიდუმლო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი სააკაშვილი წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 100-მდე მოგზაურობას ახორციელებდა. გაიაშვილის თქმით, ეს იყო კერძო და სამთავრობო ვიზიტები.

„ქართულ ოცნებაში“ გუშინ ისიც თქვეს, რომ სააკაშვილის ფრენებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.