თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ბაზის აშენების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ს საქართველოში სამხედრო ბაზის აშენება უნდოდა, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა, სიცრუეს უწოდებს.

„თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად გამოიყენეს.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, – ნათქვამია განცხადებაში.


„მთავარმა არხმა“ 12 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს  ჰქონდა შეთავაზება: „აშშ მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში“. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.