თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას აცხადებს. ამის შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენ-შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ისაუბრეს. პრესრელიზს კი უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. მათივე ცნობით, სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

„ამ ეტაპზე პოტენციურ რეკრუტებს თავდაცვის უწყება სთავაზობს ყველაზე დაბალი წოდების რიგითის საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარი). მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე“, – ნათქვამია თავდაცვის პრესრელიზში.

უწყების წარმომადგენლების ცნობით, მაქსიმალურად გამარტივებული რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი), იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.

„რეკრუტები ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსის განმავლობაში მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ, ისინი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.