ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ – ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ 6-ვე პაციენტი აქამდე იდენტიფიცირებულ 90 ინფიცირებულს შორისაა. მათგან ერთს გუშინ, ხოლო 5-ს დღეს დაუდასტურდა ვირუსი.

უწყების ცნობით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში, ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შემდგომი შემოწმების მიზნით.

„იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც, ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 12 მარტიდან, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან.
ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“, – აღნიშნულია განცხადებაში.