თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარემ პატიმრობის შეფარდების ნაცვლად სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობა წარუდგინა.
ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა კი – 100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია.
მედიის ცნობით, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ. „ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ სასამართლო პროცესზე.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლისძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ ცნობილი 27 ილივსს გახდა.
სუს-ის განცხადების მიხედვით:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ.ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ.ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ.
საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ.მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.
ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.
შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.
გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს, სულ მცირე, 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.
ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.