თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ უწყებიდან სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის გამო გაუშვეს

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს და მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს. მაგრამ მისი თქმით, სხვადასხვა გარემოების გამო ფიქრობს, რომ რეალური მიზეზი ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით მის მიერ გამოხატული პოზიცია იყო.

„რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრმა, აი იმან ლიბერალიზმს რომ მიიჩნევს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ და ჯარიც ალბათ ლიბერალებთან ბრძოლის იარაღი ჰგონია, სამსახურიდან გამათავისუფლა. რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია.

ცხადია, ეს პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ გათავისუფლების ფორმალური საფუძველი, იმდენად ნაჩქარევად მომზადებული და აბსურდულია და თან დროშიც ამ ამბებს ემთხვევა, რომ სხვა ვარაუდის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს.

რაც შეეხება ფორმალურ მხარეს:

1. დამითხოვეს რეორგანიზაციით, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ერთ შტატზე, ანუ ჩემი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატზე გამოაცხადეს და ის სამხედროდ გადააკეთეს;

2. იმ ფონზე როცა სამოქალაქო ოფისის არცერთ წამყვან დეპარტამენტში არ ჰყავთ სამხედრო შტატის მოადგილე, სადაც მართლა სჭირდებათ ამ კვალიფიკაციის ხალხი, ჩემთან რატომ გადაწყვიტეს გაუგებარია;

3. ეს დეპარტამენტი იყო სამოქალაქო ოფისში ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა მოადგილის მხოლოდ ერთი შტატი და სურვილის შემთხვევაში, სამხედრო მოადგილის დამატება შეიძლებოდა აბსოლუტურად უპრობლემოდ;

4. თუ მეორე მოადგილეს რაიმე მიზეზით ვერ ამატებდნენ, რეორგანიზაციის მომენტში დეპარტამენტში არსებობდა, რამდენიმე ვაკანსია მათ შორის სამმართველოს უფროსის მოადგილის, უპრობლემოდ შეიძლებოდა იმ შტატების გადაკეთება სამხედროდ, თუ მაინცდამაინც სამხედროს ყოფნის ამოცანა ედგა ვინმეს“, – აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.

ამასთან, შაიშმელაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო ისეთი მიზეზიც, თითქოს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევდა თავს, რადგან შაიშმელაშვილი წერს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული, შენიშვნა კი მისთვის არც ერთხელ გამოუცხადებიათ. ასევე მისი თქმით, წარჩინებით დაასრულა ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრატურა სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით.

„აქვე შეგახსენებთ, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა სწავლა სწორედ იმ მიზნით დამიფინანსა, რომ თავდაცვის სამინისტროში მემუშავა. თუმცა, დღეს მგონი ამერიკაში განათლება „კომპრომატად“ იქცა ქვეყანაში და თუ გგონიათ, რომ თავდაცვის ლიდერშიპამდე არ აღწევს ეგ განწყობები, ცდებით. მოკლედ, მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც საჯარო სამსახურიდან უსამართლოდ უშვებენ“, – აცხადებს შაიშმელაშვილი.

„პუბლიკა“ თავდაცვის სამინისტროს პოზიციის მისაღებად უწყებასთან დაკავშირებას ცდილობს.