დღეს თავდაცვის სამინისტროდან რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს — ანანო გორგოძე და მიშა რამაზაშვილი გათავისუფლებას პროტესტის მხარდაჭერას უკავშირებენ.
ანანო გორგოძემ დაწერა:
„ამასობაში, თავდაცვის სამინისტრომ კოხტად ჩამაბარა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება […]. როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს რომ დავეტოვებინე. ასე რომ #ცეცხლიოლიგარქიას“.
მიშა რამაზაშვილმა დაწერა:
„2016 წლის 1 იანვრიდან, 9 წლისა და 2 თვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა […]
ევროატლანტიკური გზა, რომელიც ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ამ კედლებში ყოფნისა – მთელი ამ წლების განმავლობაში.
ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა, გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას […] დიდება გმირებს, დიდება ევრპულ და ევროატლანტიკურ საქართველოს”.
გუშინ, 24 თებერვალს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ დაწერა კიდევ ერთმა ადამიანმა.
განახლება:
დღესვე თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ დაწერა გუცა გველესიანმა.
„1998 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჩემი თანამშრომლობა 2025 წლის 25 თებერვალს დასრულდა. „ობიექტური გარემოება რომელიც ამართლებს” გადაწყვეტილებას”.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა კი გაავრცელეს პეტიციები, რომლითაც დაგმეს როგორც ევროინტეგრაციის შეწყვეტა, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა.
„ქართული ოცნება” საჯარო სამსახურებიდან ეტაპობრივად ათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მსგავს განცხადებებს. მათ შორის, გაათავისუფლეს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ მოწყვლად ადამიანებს.