NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა თავდაცვით ომში იმყოფება. შესაბამისად, მისთვის გადაცემულ იარაღს შორისაც არ იქნება განსხვავება შემტევსა და თავდაცვითს შორის.
სტოლტენბერგისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ერთობლივ ბრიფინგზე კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა თავს იცავს რუსეთისგან, შესაბამისად, მათ მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი იარაღი თავდაცვითი საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის, თვითმფრინავები და ტანკები.
„უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენებული ნებისმიერი იარაღი აგრესორის წინააღმდეგ თავისი განსაზღვრებით უკვე თავდაცვითია. ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინას მიაწვდიან თავდაცვით შეიარაღებას, მაგრამ არა შემტევს, თვალთმაქცურად იქცევიან“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებას დაეთანხმა NATO-ს გენერალური მდივანიც. „უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს. თავდაცვით ომში კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იარაღი თავდაცვითია თუ არა“, – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსის პოზიციაა, ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში. თუმცა, ისინი ამავდროულად ცდილობენ, რომ აირიდონ მეტი ესკალაცია.
როგორც ცნობილია, NATO-ს მინისტერიალზე უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემაზე მსჯელობენ.
დასავლეთის ქვეყნები აქამდე ძირითადად უკრაინას გადასატან ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვით იარაღსა და ინდივიდუალურ სამხედრო ამუნიციას აწვდიდნენ.
ბოლო პერიოდია დაიწყო საუბარი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემაზეც. ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი უკრაინას მიაწვდიან ჯავშანმქანქანებს, ჩეხეთმა კი ძველი ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გამოყო უკრაინისთვის.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონიც მზადაა უკრაინას გადასცეს ჯავშანმანქანები, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული და საბჭოთა იარაღით დახმარების სურვილის შემთხვევაში, რისი მოხმარებაც უკრაინელებმა კარგად იციან, აშშ მზადაა ითავოს ლოგისტიკური უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყნიდან შეიარაღების უკრაინაში შესატანად.