დღეს „ინდიგოს“ ჟურნალისტ საბა სორდიას სასამართლო სხდომა გაიმართა – პროცესზე გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ საბა სორდია დააკავეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ თავდაპირველად საბა სორდიას იდენტიფიცირება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მათ „სახე მოარიდა”
„მიმდინარე წლის 6 აპრილს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. კოლეგებთან ერთად გადავადგილდებოდი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარედ. იმ მომენტში შევნიშნეთ ახალგაზრდა პიროვნება, მასთან მივედით, რათა მოგვეხდინა მისი იდენტიფიცირება და ზედაპირული დათვალიერება. როცა მივედით ახალგაზრდა პიროვნებასთან, ჩვენ ყველას პოლიციის სპეციალური ჟილეტები გვეცვა, ასევე, განვუმარტეთ, რომ ვიყავით პოლიციელები, თანამშრომელმა პირადობის მოწმობაც წარუდგინა. ჩვენ მას ვუთხარით, რომ თუ ჰქონდა რაიმე სახის პირადობის მოწმობა, წარედგინა, რადგან უბრალოდ გადამოწმება ხდებოდა მისი და ასევე, ზედაპირულად უნდა შეგვემოწმებინა. საბამ იუარა, რომ არა, რასთან დაკავშირებითო და უბრალოდ ვუთხარით, რომ ეს ზედაპირული შემოწმება იყო გადამოწმების მიზნით.
მოვთხოვეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მან ამოიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთ-ერთ თანამშრომელს მიაწოდა, მაგრამ ამ დროს არც გვაცადა საშუალება, რომ ზუსტად მოგვეხდინა მისი იდენტიფიცირება, დაუწყო საბუთის ხელიდან წართმევა.
ჩვენ ავუხსენით, რომ უკანონობა არ იყო და ჩვენი მხრიდან ეს არ იყო არანაირად კანონის წინააღმდეგობაში, რომ უბრალოდ მის იდენტიფიცირებას მოვახდენდით და ზედაპირულ შემოწმებაზე, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ექნებოდა, ჩვეულებრივად გააგრძელებდა, რაზედაც უარი განგვიცხადა. სრულ იდენტიფიცირებაზეც და ზედაპირულ შემოწმებაზე, ამის შემდგომ, ჩვენ ვუთხარით, რომ თუ არ მოგვცემდა საშუალებას, მოგვიწევდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
ჯერ უბრალოდ, პირველ რიგში განვუმარტეთ, რომ პოლიციაში მოგვიწევდა მისი გადაყვანა იდენტიფიცირების მიზნით, რაზედაც მან უარი განგვიცხადა. არც პოლიციაში არ მოგვყვებოდა, მას კიდევ ვუთხარით, კიდევ შევთავაზეთ პოლიციაში წამოსვლა და ამ დროს, ჩემმა თანამშრომელმა – ვინაიდან ჩვენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არა ვართ და სამხრე კამერები არა გვაქვს, უკვე ყველაფერზე რომ უარს ამბობდა – ამოიღო ჩემმა თანამშრომელმა ტელეფონი, რომ მოეხდინა გადაღება და არ მისცა ამის საშუალება, ხელი აუკრა ტელეფონს, ჩაიდე ჯიბეშიო. რის შემდეგაც უკვე რომ ვუთხარით, რომ ვსო გაკავებთო, გვიწოდა მილიციელები ხართ და მონები ხართო და ჩვენ მიერ ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადავიყვანეთ ჩვენი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში”, – თქვა მან.
თავად საბამ უარყო, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, კრიმინალისადმი სიმპათია არასდროს ჰქონია და აქედან გამომდინარე არც პოლიციისადმი თავის არიდების მცდელობა ჰქონდა.
ამასთან, მეორე პოლიციელის თქმით, მათ ვერ მოახერხეს ადგილზე საბა სორდიას იდენტიფიცირება, რადგან ის მათ ამის საშუალებას „არ აძლევდა”, კერძოდ, ხელს უშლიდა იმას, რომ პოლიციელს მისი პირადობის მოწმობა კარგად წაეკითხა.
„[…] უნდა დამორჩილებოდა იმას, რომ მოეცა სრულად იდენტიფიცირების საშუალება. ანუ, სახელი და გვარი რომ გამეგო. პირადობის მოწმობა მომცა, მაგრამ ამ პირადობის მოწმობაზე მე ვერ მოვახერხე მისი მონაცემების ამოკითხვა, რადგან ამის საშუალებას არ მაძლევდა. ასევე, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა გამოიხატება იმაში, რომ ზედაპირულად ვერ შევამოწმეთ ეს პიროვნება, არ მოგვცა ამის საშუალება. გარეგნულად შევეხეთ [მის ჯიბეებს], როცა პირველადი შეხება მოახდინა ჩემმა თანამშრომელმა, როცა გარედან შეეხო მის ჯიბეს, უარი განუცხადა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.
პირადობა ხელში რომ გადმომცა, იმ მომენტშივე ცდილობდა უკან დაბრუნებას. ხელით ცდილობდა უკან დაბრუნებას. აპირებდა [გამოეგლიჯა], მაგრამ ხელში მეჭირა და არ მიმიცია მისთვის უფლება, მაგრამ ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ მქონდა საშუალება, რომ ჩამეხედა პირადობისთვის. ხელში მეჭირა, მაგრამ არ მაძლევდა უფლებას, რომ ჩამეხედა, ხელ მიშლიდა ამ ღონისძიების განხორციელებაში. ადგილზე ისეთი სიტუაცია იყო, მის ქმედებას მოჰყვა გამვლელების დაინტერესებაც, ხმამაღლა საუბრობდა, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო ამ ფაქტის შესახებ, რომ არ მოეცა ჩვენთვის ღონისძიების დასრულების საშუალება. ამ დროს სიტუაცია იყო ისეთი, რომ მე ფიზიკურად ვერ შევძლებდი [პირადობის ნახვას]”, – თქვა მან.
„ინდიგოს” ჟურნალისტის, საბა სორდიას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ზვიად ცეკვავა 17 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის უკვე თავისუფალია.