თავდასხმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტზე | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით, აჭარის რადიოსთან მოხდა, – ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია ავრცელებს.

კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. იკითხებიან მოწმეებიც.

როგორც კობა ფარტენაძე ამბობს, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს და საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მისი თქმით, მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„დღეს დილის გადაცემის დასრულების შემდეგ, დაცვამ შემატყობინა რომ სტუმარი იყო მოსული. დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი, მითხრა წიგნი მოგიტანე საჩუქრადო. გავედი და თმებში მწვდა, რამდენიმე კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. დამემუქრა, რომ პარკში დამხვდებოდა. ვნახეთ, რომ ეს წიგნი შეიცავს მძიმე სიუჟეტებს არის ნაცისტებზე, მკვლელობაზე, მსგავსი შინაარსის წიგნია.

სავარაუდოდ, ჩემს გარეგნობასთან, ჩაცმულობასთან ჰქონდა პრობლემა, რომელიც აშკარად არ გამოუხატავას. ქუჩაშიც მხვდებოდა, ჩვეულებრივად ვესალმებოდი და არასოდეს აგრესია არ ჰქონია. ისროდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს. შეიძლება ეს იყოს ჰომოფობიურ ნიადაგზე”, – განაცხადა კობა ფარტენაძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

მომხდარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი.

„ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის თავდასხმა დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ“, – წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.