„ლელოს” ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მას თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე თქმით, პოლიციას თავდამსხმელი პირის მანქანის ნომრები მიაწოდა.
„ეზოში ჩავეწერე „TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, შემდეგ წამოვედი, მოვუყვებოდი აღმართს და ეს პირი დამეწია მანქანით, ნელი სვლით, უკვე ჰქონდა გამზადებული მობილური ტელეფონი, იღებდა ვიდეოს, შესაბამისად, მას უკვე ვყავდი იდენტიფიცირებული და მიზანში ამოღებული, ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა, მან მკითხა ხომ ვარ პოლიტიკოსი, დიახ-მეთქი… ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე… შემდეგ სცადა ყველაფერი იმისთვის, რომ ესკალაცია მომხდარიყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება.
ის აპელირებდა იმაზეც, რომ მიშა სააკაშვილის მომხრეებს ოჯახშიც კი ლანძღავს, რაზეც მე ვუთხარი, რომ სააკაშვილის ყველაზე დიდი მომხრეები „ქართულ ოცნებაში” უზის”, – ამბობს გეგელია „TV პირველთან” საუბრისას.
„ლელო – ძლიერი საქართველო” პარტიის საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას” აკისრებს:
„ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.
პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!”, – წერია განცხადებაში.
„პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე გახშირებული თავდასხმები ხელისუფლების მხრიდან წახალისებული და კოორდინირებული კამპანიის ნაწილია”, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებზე და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართულ პირებზე ფიზიკური თავდასხმები მათი დაშინების მიზანს ემსახურება და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ იგი წარმოადგენს ერთიანი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილს. ამაზე მიუთითებს, მათ შორის, ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ერთ შემთხვევაზეც კი არ მოახდინეს თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა”, – წერს ორგანიზაცია.