უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მათი თქმით, 8 მარტს, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათისთვის, უკრაინის ჯარები აგრძელებენ დაცვას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღამის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვა წარმატებით იგერიებდა რუსეთის სარაკეტო, საჰაერო დარტყმებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ სუმზე და მის მიმდებარე გარეუბნებზე რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულები არიან სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები.
დმიტრო ჟივიცკიმ, რომელიც სუმის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ 7 მარტს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს სუმი და მისი შემოგარენი, ჟივიცკის განცხადებით, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
The Kyiv independent-ის ცნობით, რომელიც ეყრდნობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, უკრაინელებმა ხარკოვთან რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. გამოცემის ცნობით, გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში და დაჯილდოებული იყო მედლით „ყირიმის აღებისთვის“.
ამავე გამოცემის ცნობით, 6 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 1,7 მილიონზე მოქალაქემ დატოვა უკრაინა.
ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკი თქვა, რომ კიევში იმყოფება და არსად არ აპირებს წასვლას.
„ჩვენი ოფისი, ორშაბათი საღამო, დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი დაცვის მეთორმეტე ღამეა. ყველანი ადგილზე ვართ. ყველანი ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც საჭიროა. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან ერთად არის. ვრჩები კიევში, არ ვიმალები და არავისი მეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.