თავდებობის ინიციატივას არ ვთვლი სწორად, არ ვუერთდები - სამნიძე

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის თავდებობის ინიციატივას არ ეთანხმება.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ის სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მომხრეა, მაგრამ მისი თავდებობის ინიციატივა სამართლებრივად არ არის გამართლებული.

„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას. არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო, არ ვთვლი სწორად. ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ“, – განაცხადა სამნიძემ.

ინიციატივას არ იზიარებს არც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. მისი არგუმენტით ინიციატივა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ წარმოადგენს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს. ანა ნაცვლიშვილის პოზიციით, მნიშვნელოვანია მესამე მხარის დასკვნა, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულების შესრულების საფუძველი გახდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თავდებობის საკითხზე ფრაქციაში და პარტნიორებთან იმსჯელებენ. თუმცა ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური ჟესტია და არა სამართლებრივი საკითხი. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა ინიციატივას დაუჭერს მხარს, რაც სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გაყვანას შეუწყობს ხელს.

დღეს თავდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მოადგილემაც. გიორგი ბურჯანაძის მისი ინფორმაციით, მსჯავრდადებულის მიმართ თავდებობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მის თავდებში ჩადგომის ინიციატივა აქვს. ენმ ამბობს, რომ ამ ჟესტით ხელისუფლებას აჩვენებენ, რომ სააკაშვილს სასჯელისგან თავის არიდება არ სურს.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის სახელზე შუამდგომლობა უკვე მომზადდა.

„ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი საქართველოს პარლამენტის წევრები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვუდგებით თავდებში. კარგად გვესმის, რომ ის ამჟამად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება, ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

ვსარგებლობთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავდებობის შესაძლებლობით და თითოეული ხელმომწერი ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – მკურნალობის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ დაბრუნდება საქართველოში და არ აარიდებს თავს სამართლიან მართლმსაჯულებას.

მოგმართავთ თხოვნით – გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ გადაიყვანოთ საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში მისი სრული რეაბილიტაციის მიზნით. იმედს ვიტოვებთ, რომ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც რისკის წინაშე არ დააყენებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, – აღნიშნულია დეპუტატების შუამდგომლობაში.

ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ამისთვის სამართლებრივი ჩარჩო არ არსებობს, ამიტომ ჟესტი პოლიტიკურია. მას არ ესმის, რატომ ცდილობს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საკითხის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდებობის შესახებ გუშინ, 10 მაისს განაცხადა:

„ამაზე არც ვიცი, თუ ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს საერთოდ ეს ხალხი, რა თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდადებული“, – აცხადებს ბრეგაძე.