„თავდებში დავუდგებით სააკაშვილს, თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ“ - ენმ-ის ფრაქციის ინიციატივა

პუბლიკა

„ჩვენ, მთელი ფრაქცია, უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ხელისუფლებას, რომ ფრაქციის წევრები თავდებში დავუდგებით მიხეილ სააკაშვილს, იმ შემთხვევაში, თუ მას საზღვარგარეთ გადაიყვანენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ გუშინ, 9 მაისს განაცხადა.

თემურ ჯანაშიას განცხადებით, ეს იქნება პასუხი „ოცნების“ ბრალდებაზე, თითქოს სააკაშვილი ცდილობს, თავი აარიდოს სასჯელს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პარტიის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ ასევე ომბუდსმენის და ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო კონსილიუმის ექიმები.

ცენტრი „ემპათია“ სააკაშვილის „დისტრესული სიტუაციებისგან თავისუფალ გარემოში, მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას გასცემს.“

მათ საპასუხოდ პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეკულაციური და ყალბი ცნობები ვრცელდება. პენიტენციურის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, სააკაშვილს საქართველოში უმკურნალებენ.