„თავიდან გაშლილი ხელებით მცემდნენ, მერე მუშტებით" - მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

პუბლიკა

19 წლის ნიკა ოსაძე ამბობს, რომ 17 დეკემბერს აგარის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს. მისი თქმით, ის დაკავების შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს და მძიმე დაზიანებები შენობაში ყოფნის დროს მიაყენეს. ამბობს, რომ ცემაში აგარის პოლიციის უფროსი სოსო გელაშვილი მონაწილეობდა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის კომენტარს „მთავარი არხი” ავრცელებს.

„სოსო გელაშვილმა და გიორგი თურმანიძემ… ხელით შემეხნენ, ბოთლები მირტყეს და გამომიშვეს ასე ნაცემი და შემაგდეს კაპეზეზე.  იქ რომ შემაგდეს, ამის შემდეგ მე ფიზიკურად მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩამერთო (მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება), იმიტომ, რომ ყველაფრით მზღუდავენ. ეს შემთხვევა პირველი არაა. ქუჩაში გამოსულს არაერთხელ მითხრეს, აგარა დატოვეო. თავიდან გაშლილი ხელებით მცემდნენ, მერე მუშტებით. მერე, როცა მე ვიჯექი და ბორკილები მედო, კალთაში იარაღი და ლიმონკა ჩამიდეს. ვიდეოს იღებდნენ, აბა, ესო შენიაო ?”,  – განუცხადა ტელეკომპანიას ნიკა ოსაძეს.

არხს ინტერვიუ სავარაუდო მსხვერპლის ძმამაც მისცა. მისი თქმით, 2014 წელს მასაც ავიწროებდნენ და აგარის დატოვება მოსთხოვეს. „2014 წელს იგივე შეკითხვა დამისვეს – ან აგარა უნდა დამეტოვებინა, ან სროკზე უნდა წავსულიყავი. ზოგადად იგივეს ვხედავ ჩემი ძმის მიმართ. მაგრად მივქარე, რომ დავტოვე და არ შეგეწინააღმდეგეთ. დღემდე ხდება ზეწოლა ჩემს ოჯახზე”, – ამბობს სავარაუდო მსხვერპლის ძმა.

ნიკა ოსაძის დედის, ნინო ლურსმანაშვილის თქმით, პოლიციის მხრიდან მისი შვილების შევიწროება პირველი ვაჟის დაკავების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ადგილობრივი პოლიცია მის შვილებს ავიწროებს და თანამშრომლობას აიძულებს.

„ჩემს შვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელიც პირობითს იხდის. რამე რომ ფუჭდება, ჩემი შვილი პოლიციის ზემოქმედების ქვეშ არის. სცემენ, აგინებენ დედას, რომ ჩემმა ნიკამ, ვითომ ვიღაცები იცოდა და არ ჩაუშვა. ბოდიში და აწვებიან, ან ჩვენი იყავი, ან ციხეში გაგიშვებთო”, – ამბობს ნინო ლურსმანაშვილი.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, დღეს ნიკა ოსაძე, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, გამოჰკითხეს.