თავიდანვე არ უნდა დავეპატიმრებინეთ - ილიჩოვას კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოს 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ნატალია ილიჩოვამ განაცხადა, რომ მათი დაკავება თავიდანვე შეცდომა იყო.

„ჩვენ თავიდანვე არ უნდა დავეპატიმრებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო”, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, როდესაც აღკვეთის ღონისძიება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას შეუცვალა.

„ამ შემთხვევაში სასამართლო მოიქცა სწორად, როდესაც შეცვალა პატიმრობა გირაოთი. უფრო კარგად როგორ მოიქცეოდა სასამართლო, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება იყო სწორი, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო იშვიათად იქცევა საქართველოში სწორად“, –  განაცხადა გიორგი მახარაძემ.