„თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებსა და გიგლა ბერბიჭაშვილებში, მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურა ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ფარისეველია, ხოლო ე.წ. აგენტების კანონი არა რუსული, არამედ ამერიკულია, რომელიც მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.
„მთავარი არის სიმართლე, სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი! საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.