თავის დროზე სრულ სიმართლეს ჩემგან გაიგებთ, ვინ და რატომ არის ბინძურ კამპანიაში ჩართული - მელია თოფურიძეს პასუხობს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ თოფურიძის განცხადებას ეხმაურება.

მელია უარყოფს თოფურიძის ინფორმაციას, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას „შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება“ და წერს, რომ „თავის დროზე სრულ სიმართლეს, ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული“, საზოგადოება მისგან გაიგებს.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ის თავს შეიკავებს, სანამ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში არიან.

„საზოგადოებას ვპირდები, რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:

1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის.

2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რომელთა წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება“, – წერს მელია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ თოფურიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა, სოციალური ქსელების, რეკლამების, დაცვის, საწვავის, ხელფასის, ვიზიტების გათვალისწინებით, წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება.

თოფურიძე ამავე სტატუსში წერს, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს „მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, შეუპოვარი დათა ახალაის მეთაურობით მთელი დეპარტამენტი 24 საათი ებრძოდა კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალებს“.

ის თავს პოლიტდევნილად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათი მმართველობის დროს ქვეყანაში ცუდი არაფერი ხდებოდა.

იოსებ თოფურიძე წერს, რომ ნიკა მელიას თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ იქნება, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში. ყველა დამნაშავე ციხეში უნდა წავიდეს.

„თუ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენება, ხალხის, ბიუჯეტის ფულის უკანონოდ მითვისება, მაშინ ყველა დამნაშავე:

ყველა, ციხეში! ყველა, ციხეში! ყველა, ციხეში!“, – წერს ის.

იოსებ თოფურიძის ამ განცხადებას ნიკა მელიამდე განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთი მხრივ, წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ კი, ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას“, – წერს პარტია.