თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს - კალაძე სამგორის გამგებელზე

პუბლიკა

„შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა – ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის გამგებლის მიერ გუშინდელი აქციის მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გუშინ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. პოსტი სამხარაძემ „ფეისბუკში“ გაავრცელა.

მედიაში სამხარაძის პოსტის, ე.წ. „სქრინშოტი“ ვრცელდება, თუმცა ამჟამად სამხარაძის პროფილი „ფეისბუკში“ აღარ იძებნება.

სამგორის გამგეობაში „ტვ პირველს“ უთხრეს, რომ გამგებელი ადგილზე არ იმყოფება და მის ნაცვლად განმარტებას ვერ გააკეთებენ. გამგებლის მოადგილემ თქვა, რომ არ სჯერა, რომ გამგებელმა მსგავსი პოსტი დაწერა: „ტყუილი იქნება ალბათ, გამორიცხულია.. ასეთი რამე გამგებლისგან გამორიცხულია“.

სამხარაძის პოსტთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მან განაცხადა, რომ პოსტის შინაარსს არ იცნობს, თუმცა არასამუშაო საათებში ნებისერ ადამიანს უფლება აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატოს.