საქართველოში დასრულდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი.
PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები იმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ტრაექტორიისთვის გადამწყვეტ დროს. მან ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს კანონიერი ადგილის დასაცავად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საგარეო კავშირებთან დაკავშირებით მოახლოებულ არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. მე ვიზიარებ დელეგაციის წარმომადგენლების შეშფოთებას დემონსტრანტების დარბევისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევებზე სათანადო გამოძიების ჩატარების მცდელობის გამოჩენა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დელეგაციის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და მუქარის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე, ასევე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინებასა და სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ ინფორმაციაზე.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ბრალდებები. მე შეშფოთებული ვარ აქტივისტებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გამოწვეული მსუსხავი ეფექტით და ვიმეორებ ასამბლეის მოთხოვნას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით – კანონის, რომელიც შეუსაბამოა ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, PACE-ის დელეგაციის წარმომადგენელი გამოხატავს შეშფოთებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაციების გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამას მსუსხავი ეფექტი ექნება ადგილობრივ დამკვირვებლებზე.