„ფაიზერზე" თავისუფალია 10 000 ჯავშანი, ძირითადად რეგიონებში. 100 000 მარაგში გვაქვს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დარჩენილი თავისუფალი ჯავშნების დიდი ნაწილი რეგიონებშია. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი „ფაიზერზე“. აქედან, დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ამ 153 000-დან 141 000 გახლავთ პირველად აცრაზე, ხოლო 12 000-მდე არის მეორე აცრაზე, ანუ ვინც წინა კვირაში იცრებოდა. ყველა მათგანს დაეჯავშნა მეორე დოზაზე. დილის მონაცემებით, თავისუფალი დარჩა 10 000 ჯავშანი, ძირითადად რეგიონებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები და ვაქცინაციისთვის შესაბამისი დაწესებულებები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით თანდათანობით გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები, ასევე დაწესებულებები, განსაკუთრებით თბილისში, რადგან აქტივობის 60-70% მოდის თბილისზე. გასულ საბჭოზე პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი. იგივე მოლები, აფთიაქებზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ მოლებზე გიდასტურებთ, რომ არის საუბარი. ერთი მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია განთავსებული.

მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ დოზები ამ ეტაპზე საკმარისია. კიდევ, დამატებით პირველი აცრისთვის ნახევარი მილიონი რომ მივიღეთ, ის ორად გაიყო. ანუ,  250 000 შენახულია, რათა უკვე  15 აგვისტოდან მეორე ინექციები დაიწყოს. ეს ჯავშნები, რაც ახლა მიმდინარეობს, 14 აგვისტოს ჩათვლითაა. „ფაიზერის“ პირველ დოზაზე ქვეყანაში დაახლოებით 100 000 მარაგი გვაქვს და კიდევ თანდათანობით შემოვა. მომავალ კვირაში ლიმიტირებული, მაგრამ გარკვეული რაოდენობა გამოჩნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.