„თავისუფლება მიშას“ - შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

„თავისუფლება მიშას” – ამ მოთხოვნით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდაჭერები შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

აქციაზე სიტყვით მიმართა მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ექნებათ მოსვენება და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.

მან თქვა, რომ ახლა საზოგადეობის ერთიანობის დროა, რადგან ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, გაჭირვება რომელიც გაწუხებთ, სამსახურებში რომ 300-500 ლარად მუშაობთ, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესთან, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს.

…ჩვენი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ორი დღის წინ გვაცნობეს, თურმე ომს რუსეთი იგებს. ომს იგებს უკრაინა და ამას აუცილებლად გააკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ ქართველ მეომრებთან ერთად, “- თქვა მან.

6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას მერე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ყოველდღე აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.