„თავისუფლების ინსტიტუტი” (Liberty Institute) გმობს „მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სიძულვილის კამპანიას”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინდიაშვილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების აღმართვა გააკრიტიკა.
„მინდიაშვილის უტიფარი დევნა, მანამდე კი „სოვლაბზე” თავდასხმა, დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ სამართლიანად გაკიცხეს დედაქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების აღმართვა.
საქართველოს ყველა თავისუფლებისმოყვარე მოქალაქისათვის კატეგორიულად მიუღებელია მეოცე საუკუნის უდიდესი ბოროტმოქმედის, ჩვენი დამოუკიდებლობის მესაფლავისა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ჯალათის რეაბილიტაციის უსირცხვილო მცდელობა.
ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხთან და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად სტალინისტური პროვოკაცია დაეგმოთ, სახელმწიფოსა და ეკლესიის სათავეში მოკალათებული ვაი-ქართველი კვისლინგები კუდიანებზე ნადირობის ახალი ტალღით ცდილობენ დააშინონ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ეროვნული ღირსება, ისტორია და მომავალი.
სტალინისტური აღლუმი საქართველოში ვერ გაივლის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის შესახებ თქვა, რომ ის ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. რომ ასევე მისი ცენტრი ფინანსდება USAID-ის მიერ და ეს პრობლემას წარმოადგენს.