თავისუფლების მოედანი: კანონების გამკაცრება მიუითებს, რომ „ოცნება" ვერ პოულობს გამოსავალს პოლიტიკური ჩიხიდან

პუბლიკა

პარტია „თავისუფლების მოედანი” ეხმაურება „ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა საფუძველზეც საპროტესტო აქციების წინააღმდეგ არსებულ კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრდება და რიგ შემთხვევებში აქამდე არსებული ჯარიმების ნაცვლად პატიმრობაა გათვალისწინებული.

„თავისუფლების მოედანი” წერს, რომ კანონების გამკაცრება მიუთითებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის პარტია ვერ პოულობს იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს, რომელშიც თავად შეიყვანა თავი”.

„მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებისთვის მოქალაქეობის უფლების წართმევას, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზების, პარტიული საქმიანობისა და საჯარო პროტესტის უფლების პრაქტიკული გაუქმებით. ამ ქმედებებს ჩვენ დავუპირისპირდებით სამართლებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო მექანიზმების სრული გამოყენებით.

„ოცნების” ეს ნაბიჯები უკმაყოფილებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრაზს არათუ გააქრობს, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრებს. ყოველი რეპრესირებული მოქალაქის უკან მისი ოჯახი, სამეგობრო და პროფესიული ჯგუფები დგანან. ყოველი მოქალაქის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედება აღქმული იქნება, როგორც მასზე, მის ოჯახსა და საზოგადოებრივ წრეზე თავდასხმა.

შეკრებისა და პროტესტის უფლება წარმოადგენს კონსტიტუციურად გარანტირებულ ღირებულებას. ყველა შემთხვევა, როცა პირი ამ უფლების გამოყენებისთვის დაისჯება, აუცილებლად გახდება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი მომავალში.

„თავისუფლების მოედანი“ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ პროტესტის გაფართოებისა და მისი მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრები დემონტრანტების წინააღმდეგ არსებულ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებენ.

„ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული დაჩქარებული პროექტით, ცვლილებები შედის როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
  • თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  • თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

  • მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

 უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს: 

ა) იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;

ბ) იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

ზ) მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

რა შემთხვევაში შეუძლია შსს-ს შეწყვიტოს აქცია? 

დღეს მოქმედი რედაქციით, [მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვით, პიროტექნიკის ქონით] მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს.

შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

  • სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაიწჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;