მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიმართ „ბრალდებები ყალბი და მავნეა”.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”.
ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ცუცქირიძეა.
კუპრაშვილის თქმით, „თავისუფლების მოედანი” ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი.
თუმცა, ამის მიუხედავად, მისი განცხადებით, „როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით”.
შესაბამისად, კუპრაშვილის მტკიცებით, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა.
მოძრაობა „თავისუფლების მოედანი”, რომელიც საარჩევნო კოალიციის „ძლიერი საქართველოსთვის” წევრია, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა მათი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა”.
„ჩვენი მოძრაობა შედგება საზოგადოების ცნობილი წევრებისგან – ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
ეს ადამიანები სარგებლობენ მაღალი სანდოობით საზოგადოებაში და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა ჩვენს მოძრაობაზე, არამედ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების.
საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ მცდელობას გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, – აცხადებს „თავისუფლების მოედანი”.