თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
დღეს 14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.