თავისუფლების მოედანი შსს-ს: დაიცავით პროტესტის მონაწილეების ფიზიკური უსაფრთხოება

პუბლიკა

„თავისუფლების მოედანი“ ეხმაურება იმ ფაქტს, რომ 5 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციის პარალელურად პოლიცია რუსთაველის გამზირზე არ დგას, შესაბამისად, რუსთაველის და თავისუფლების მოედნიდან, ასევე 9 აპრილის ქუჩიდან მომავალი სამანქანო ნაკადების გადამისამართება თავად დემონსტრანტებს უწევდათ. 7 ოქტომბერს რამდენჯერმე შეიქმნა სახიფათო ვითარება.

პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება.

„თავისუფლების მოედანი“ წერს:

„8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეების დარბევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ძალადობა პოლიციის უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობდა.

დღეს იგივე სცენარით მიმდინარეობს ძალადობის მომზადება რუსთაველის გამზირზე. 5 ოქტომბრიდან, რუსთაველის გამზირზე პოლიცია გამიზნულად აღარ იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. პროტესტის მონაწილეებს დღეს საფრთხეს უქმნის საავტომობილო მოძრაობა, ეგზალტირებული მძღოლები და მოგზავნილი პროვოკატორები. დამატებით საფრთხეს ქმნის ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადება პროტესტის მონაწილეების მიმართ ნულოვანი თანაგრძნობის შესახებ, რაც მათ მიმართ ძალადობის წახალისებას ემსახურება.

ამიტომ, მოვითხოვთ, და არა ვითხოვთ, რომ პოლიციამ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეების ფიზიკური უსაფრთხოება. შეასრულოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანება, დაარეგულიროს საგზაო მოძრაობა და იყოს მზად, აღკვეთოს სხვადასხვა პროვოკატორის მიერ ძალადობის გამოვლინებები.

„თავისუფლების მოედანმა” 9 სექტემბერს მოვითხოვეთ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ამ საკითხის მათთან განსახილველად. პასუხის გაცემის ვადა ამოიწურა, მაგრამ ეს მოთხოვნა ძალაშია. თქვენ უნდა ემსახუროთ ხალხს, კონსტიტუციას, თქვენ ფიცს და არა რომელიმე პარტიას. სხვა შემთხვევაში მოვა დრო, როდესაც თქვენი უმოქმედობისთვის მოგიწევთ კანონის წინაშე პასუხისმგებლობის აღება“, – წერია პარტიის განცხადებაში.