„თავხედო ნაძირალა" - კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ნაძირალა” უწოდა. ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა რეზინის ტყვიის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: „არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?”, რასაც კალაძის სიტყვიერი თავდასხმა მოჰყვა:

„ცოტა ზრდილობა იქონიეთ, თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ?! მერე ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა”.

1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ტყვიების გამოყენებას უარყოფს.