ბაიკერს ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ – ღვინიანიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე და ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორია.
მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როცა მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, – ის ვარაუდობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ გაიგეს, როცა უცხო ნომრიდან შესულ ზარს უპასუხა.
„კარგად ვარ გადავრჩი, სტანდარტული თემაა, მთელი დღის მუქარების შემდეგ, არ ვიცი ოღონდ საიდან გაიგეს, სად ვიყავი, იმ საეჭვო ნომრიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდნენ, ეჭვი მაქვს, რომ იქიდან გაიგეს ლოკაცია, სად ვიყავი და დაახლოებით, 10 წუთში სამი ადამიანი მოვარდა პირბადეებით. ჯერ ჩაგვიარეს, შემდეგ უკნიდან გამარჯობაო და უკნიდან შემოგვიტიეს”, – განაცხადა მან „ფორმულასთან”.
ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დიმა ჩიქოვანსაც დაესხნენ თავს – TV პირველთან ჩართვაში ჩანს, რომ მას დაზიანებები აქვს სახის არეში. ჩიქოვანის ცნობით, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა.