თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრალში რაც წერია, ასე არ იყო, დანარჩენს ადვოკატები იტყვიან, – განცხადა სასამართლო პროცესზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ბრალის გაცნობის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
თელავის რაიონული სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის დღეს ჩატარება ადვოკატებმა მოითხოვეს.
ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დღეს გამართვის მოთხოვნის მთავარი მიზეზია, რომ ზურაბ ზვიადაურმა ძმის დაკრძალვაზე დასწრება შეძლოს.
ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.