სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ „ბათუმელების/ნეტგაზეთის” დირექტორი და დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ შიმშილობს და შეწყვეტას არ აპირებს.
„მე როცა შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა – რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, დღესაც ის იგივე პოზიციაზე რჩება”, – განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, იოსელიანმა თქვა, რომ მზია ამაღლობელს რეგულარულად უტარდება მონიტორინგი და კვლევები – დღეში სამჯერ მასთან მონიტორინგის მიზნით შედის ექიმი.
„ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად, ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ის მონახულები იქნა 7-ჯერ, მათ შრის ჩემ მიერ პირადადაც, ვიცით მისი განთავსების პირობები, უშუალოდ ვიყავი მასთან საკანშიც და ასე რომ, ამ პირობებზე მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება, ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამაზეც არ აქვს პრეტენზია, რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში 3-ჯერ ნახულობს”, – აღნიშნა მან.
დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.
ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.