აცხადებს შიმშილობას, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას - ლომჯარია სააკაშვილზე

პუბლიკა

სახალხო დამცველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების შენობა დატოვა. ნინო ლომჯარიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის შიმშილობას აცხადებს და ითხოვს უკრაინის კონულთან შეხვედრას.

„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით და ა.შ. – ამაზე მას არ სურს, რომ ვისაუბრო და ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია, ამ ფაქტს სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებ. როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს იყო მარტო. არ ყოფილა დაკავების დროს ძალა გამოყენებული, რადგან, როგორც თავად ამბობს, თვითონ გააღო კარი და წინააღმდეგობა არ გაუწევია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ნამდვილად დაიწყო თუ არა შიმშილობა სააკაშვილმა:

„რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ ასევე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახალხო დამცველს 2018 წელს აქვს წარდგენილი სააპელაციოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ერთ-ერთ ბრალთან – შეწყალების საქმესთან დაკავშირებით.

„სადაც საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიგვაჩნდა, რომ საქმეში იყო კანონიერების პრინციპი დარღვეული, ვინაიდან არასწორი მუხლი ედებოდა ბრალად და ასევე ირიბი მტკიცებულებები იყო გამოყენებული მსჯავრის საფუძლად, რაც მიგვაჩნდა, რომ არ იყო საკმარისი. სხვა საქმეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს არ ჰქონია პოზიცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისში დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.