თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მან გულშემატკივრებს, ექიმებსა და საავადმყოფოს პერსონალს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – აღნიშნა მერმა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 26 მარტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. კალაძეს ვესტიბულოპათია დაუდგინდა.