ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს სთავაზობთ: თუ მოქალაქე მივა მუნიციპალურ თავშესაფარში და იქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ ჩაატარებს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას.
ამის შესახებ კობიაშვილმა დღეს მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.
„ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.
ადამიანებს შეუძლიათ ცხოველთან ერთად მობრძანდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც რეგისტრაციის საფასურია გადასახდელი 19 ლარის ოდენობით, სპეციალური ჩიპით ხდება ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც შეუძლიათ ცხოველი სრულიად უფასოდ გაასტერილონ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში.
ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს, ერთი თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა ასეთი აქცია. ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული ჯარიმას ექვემდებარება“- განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი.