მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება
მთავრობის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოიყენება ჯარიმა.
მთავრობის დადგენილებით, უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR-ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ.
ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 303 ადამიანი